ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფცია წარმოადგინა.
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილება და თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე იქნება GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო და ტელემედიცინის სივრცეები, მოეწყობა სამედიცინო ბიბლიოთეკა.
კლინიკის კონცეფცია რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გააცნო.
მინისტრის თქმით, ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, ქალაქის ცენტრში აუცილებელია იყოს სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკა.
„ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქცევა რეგიონულ ჰაბად, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
კლინიკის თანამშრომლებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, 2018 წელს ჩატარებული ანგარიშიც გააცნეს, სადაც წერია, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას. ხოლო 2022 წლის დასკვნაში, აღნიშნულია – „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“.
სამინისტროს ცნობით, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის დასახელდა სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, კლინიკური და ფინანსური პრობლემები.
ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო პერსონალს კვლავ დაჰპირდა, რომ მათ სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დაასაქმებენ ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.
„ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.