TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი აფასებს, რა გავლენა მოახდინა ლარის გამყარებამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.
მისი აზრით, ლარის გამყარება დოლართან მიმართებით, მშპ-ის ზრდას, ძირითადად, ფინანსური/შემოსავლის ეფექტის გამო იწვევს.
„ლარის ბოლოდროინდელი გამყარება აჩენს კითხვებს მის ზეგავლენაზე სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე.
ჩვენი ადრინდელი შეფასების მიხედვით, ჩანს მხოლოდ სუსტი (თუკი საერთოდ) მტკიცებულება იმისა, რომ გაუფასურებული ლარი ექსპორტის წახალისებისა და იმპორტის ჩანაცვლების ეფექტის წყალობით, შესაძლოა, ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს.
კერძოდ, მოდელი შექმნილია ისე, რომ გამოავლინოს ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსისა და აშშ დოლართან ნომინალური გაცვლითი კურსის სავაჭრო და ფინანსური ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე.
გაანგარიშებები მოიცავს რეალურ მშპ-ს, ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან, ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ისეთ საკონტროლო ცვლადებს, როგორიცაა სასაქონლო ფასები და საგარეო მოთხოვნა”, – აღნიშნავს მთავარი ეკონომისტი.
მისი შეფასებით, დაკვირვების შედეგები აჩვენებს, რომ რეალური მშპ-ის ზრდას იწვევს ლარის გამყარება დოლართან მიმართებით, ძირითადად ფინანსური/შემოსავლის ეფექტის გამო. მშპ-ის ზრდა არ არის გამოწვეული რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მატერიალური ზეგავლენით.
მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები ანალოგიურია ყველა ინდუსტრიისა თუ ბიზნესის დონეზე. საუბარია მხოლოდ ჯამურად, მაკროეკონომიკურ შეფასებაზე. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევა მომსახურების სფეროს კუთხით, უპირველესად, ტურიზმის სექტორის მხრივ. ისევე, როგორც მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორების ცალკე აღებული ვალუტების მიმართ ზეგავლენის შეფასება და შემოსავლის ეფექტის მხრივ ლარის ევროსთან კურსის განხილვა.