რიკოთზე გზაზე მშენებარე ესტაკადის ერთ-ერთი ბურჯი, რომელიც უხარისხოდ იყო აშენებული, წააქციეს.
როგორც ირკვევა, სვეტი გადახრილი იყო. მისი დემონტაჟი გვიან ღამით მოხდა. წაქცეულ ბურჯს მიწა მიაყარეს და დაფარეს. სვეტის წაქცევის პროცესი გადაცემა დროებას სიუჟეტში ჩანს.
დეფექტის გამო ბურჯის დემონტაჟს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს.
სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის მშენებარე გზის ერთ-ერთი სვეტის დეფექტი გამოავლინეს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიებმა JV of Soosung Engineering Co-მ და DOHWA Consulting Engineers Co.-მ დემონტაჟი მათი რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყდა.
სამინისტრო განმარტავს, რომ სამუშაოს ჩაბარება და ანაზღაურება მხოლოდ საზედამხედველო კომპანიის შემოწმების და დადებითი დასკვნის საფუძველზე ხდება. ზედამხედველების მიერ ხარვეზის ან რაიმე სახის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალისტების მითითებითვე ხდება მათი აღმოფხვრა.
სამინისტროს განმარტებით, დემონტაჟის სამუშაოები დაიგეგმა ღამის საათებში, რათა ხელი არ შეშლოდა საავტომობილო მიმოსვლას და გზაზე დაცული ყოფილიყო უსაფრთხოება.
უწყების ინფორმაციით, ხარვეზის აღმოფხვრის ყველა დამატებით ხარჯს მშენებელი კომპანია ანაზღაურებს.