საქართველოს მთავრობა რთვლის სუბსიდირებას წლევანდელ სეზონზეც განახორციელებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა მოსავლის მართვის კომპანიის განაცხადი 60 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის შესყიდვაზე, რაც დაახლოებით 60-70 ათასი ტონა მოსავლის საფასურია.
სუბსიდირების ბიუჯეტი წელს შემცირებულია. 2022 წელს პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარი იყო, თუმცა, იქვე მითითებულია, რომ თუ მთავრობა დამატებითი სუბსიდიის საჭიროებას დაინახავს, რთვლის მიმდინარეობის პროცესში ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს.
შესყიდული ყურძნის მოსავლის გადამუშავება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხანადი დაქირავებული სიმძლავრეებით მოხდება. მათი რთვლისთვის მომზადების მიზნით თანხები წინასწარ ავანსის სახით გაიცემა.
გამარტივებული შესყიდვის განაცხადში მითითებულია, რომ შესყიდული ყურძნის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვილობის და ასევე მომსახურებების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობის და საბანკო მომსახურების) შესყიდვების რაოდენობა და მოცულობა.
სუბსიდირების არსებული პროგრამით, სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრულ ფასად ყიდულობს ბაზარზე არსებულ ჭარბ მოსავალს, რათა ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს და ამასთან, ყურძნის ფასი არ დაეცეს.
შესყიდული ყურძნით მთავრობის მიერ დაკონტრაქტებული კომპანიები სპირტს ხდიან, რაც შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება ან ექსპორტზე, დიდწილად, რუსეთში გადის.
წარმოებულ ღვინომასალის და საბრენდე სპირტის ნაწილს ღვინისა და ბრენდის კერძო მწარმოებლებიც ყიდულობენ და მას საკუთარ პროდუქციაში აზავებენ.
სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ყურძნის შესყიდვა ყოველწლიურად მატულობს. 2017 და 2018 წლებში სუბსიდია 40 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელს 80 მილიონამდე, 2020-ში 104 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
2021 წელს სახელმწიფომ რეკორდულად დიდი მოცულობის – 138 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარა. ამ ყურძნის მნიშვნელოვანი ნაწილით სახელმწიფო კომპანიამ საბრენდე სპირტი დაამზადა.