რთვლის სუბსიდირდება წელსაც განხორციელდება და ამ მიზნით ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთვლის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს. ყურძნის ჩამბარებელს ბიუჯეტიდან შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ის არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის.
კობახიძის განმარტებით, ქვეყანაში მევენახეობა, მეღვინეობა სახელმწიფოს მხარდაჭერით ვითარდება, გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაიზარდა ღვინის ექსპორტი, გაკეთდა ვენახების კადასტრი და გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი.
პრემიერის თქმით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით, 300 0000 ტონა იქნება.
„მინდა შეგახსენოთ ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვქონდა 2012 წელს და რამხელა იყო ზრდა 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი. ხოლო, 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი. ამ თვალსაზრისით, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა. რაც შეეხება შემოსავლებს, 2012 წლამდე მევენახეების შემოსავალი ჯამურად შეადგენდა დაახლოებით 50 მილიონ ლარს. 2023 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 306 მილიონ ლარამდე. და წელს, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს”,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კადასტრის ეროვნული პროგრამის მონაცემებით, გაშენებულია 50 000 ჰექტრამდე ახალი ვენახი, რაც ამ დარგში სერიოზულ წინსვლაზე მიუთითებს.
„2012 წელს რეგისტრირებული იყო სულ 40კომპანია, რომელიც აწარმოებდა ღვინოს ჩვენ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებული კომპანიების საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3 000 აღწევს. აქედან, 500-მდე მწარმოებელი ღვინოს ექსპორტსაც ახორციელებს. ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი შარშან დაფიქსირდა, როცა მსოფლიოს 66 ქვეყანაში, ექსპორტირებული იყო 260 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო“, – თქვა კობახიძემ.