მომავალ კვირაში ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს, – ასეთია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის პროგნოზი.
როგორც ის თავის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერს, აღნიშნული შეფასების საფუძველს გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები იძლევა.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ დეპოზიტების გაზრდილი ლარიზაცია და ამავდროულად, ივნისში სესხების მეტი დოლარიზაციის დინამიკა, სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად, იძლევა საფუძველს, რომ მომდევნო კვირაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ შემცირდება.
ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ს შეადგენს. ივნისში ეროვნულმა ბანკმა ის უცვლელად დატოვა. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2 აგვისტოს უნდა გაიმართოს.