PMCG-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უცხოელ სტუდენტები საქართველოში უმეტესად მედიცინის, ჯანდაცვის, ფარმაცევტიკისა და სტომატოლოგიის შესასწავლად ჩამოდიან.
2022-2023 სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტების 88%-მა სწორედ ეს სპეციალობები აირჩია. მათი წილი, ვინც სწავლობენ ბიზნესის, მართვისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც წინა წლებში პოპულარული იყო, შემცირდა და ამჟამად 4%-ს შეადგენს.
სამედიცინო მიმართულებებზე ჩარიცხვების ზრდა, ძირითადად, ინდოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდითაა განპირობებული, რადგან მათი უმეტესობა სწორედ ამ პროგრამებზე სწავლობს. უცხოელების 47%-ს ინდოელი სტუდენტები შეადგენენ. 2013-2014 სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლებში საქართველოში უცხოელ სტუდენტებს შორის ყველაზე მეტი იყო აზერბაიჯანელი (საშუალოდ 32%). თუმცა, მათი წილი ამჟამად მინიმუმამდე შემცირდა.
მეორე ადგილზე იორდანელი სტუდენტები არიან. მათი რიცხვი მიმდინარე სასწავლო წელს 1 442-ს შეადგენს. საგულისხმოა, რომ 2022 წლამდე საქართველოში არცერთი იორდანელი სწავლობდა.
მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოში სულ 20 690-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს, 80 სხვადასხვა ქვეყნიდან. ზრდის საშუალო წლიური ტემპი კი 22.3%-ს შეადგენს.
PMCG-ის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სამედიცინო სფეროს მიმართ გაზრდილმა მოთხოვნამ, შესაძლოა, გარკვეული გამოწვევები შექმნას მომავალში. ამის გათვალისწინებით, განათლების სისტემამ, მედიცინის გარდა, სხვა აკადემიურ სფეროების მიმართაც უნდა გაზარდოს უცხოელი სტუდენტების ინტერესი.