შავი პარასკევი ფასდაკლებების და სავაჭრო ობიექტებში სხვადასხვა აქციების დღეა. ის საახალწლო სავაჭრო სეზონის დასაწყისად ითვლება.
შავი პარასკევი აშშ-ში, საიდანაც შოპინგის დღე მთელ მსოფლიოს მოედო, თავის დროზე, მადლიერების დღესასწაულის მომდევნო დღედ აირჩიეს, რომელიც ნოემბრის მეოთხე პარასკევს ემთხვევა.
საიდან იწყება შავი პარასკევის ისტორია?
თავდაპირველად შავი პარასკევი არა მადლიერების შემდგომ სადღესასწაულო შოპინგს, არამედ ფინანსურ კრიზისს უწოდეს, რომელიც გამოიწვია აშშ-ში ოქროს ბაზრის ჩამოქცევამ 1869 წლის 24 სექტემბერს.
უოლ სტრიტის ორმა ცნობილმა ფინანსისტმა ჯეი გოლდმა და ჯიმ ფისკიმ, ერთად შეისყიდეს დიდი რაოდენობით ოქრო, იმ იმედით, რომ მას ფასის აწევის შემდეგ სარფიანად გაყიდდნენ. იმ წელს, სექტემბრის ერთ-ერთ პარასკევს, ეს შეთქმულება გამჟღავნდა, საფონდო ბირჟაზე ფასების ვარდნა დაიწყო და ვაჭრობის ყველა მონაწილე გაკოტრდა.
თუმცა, კიდევ უფრო ადრე, 1950-იან წლებში ეს ტერმინი ფილადელფიაში პოლიციამ გამოიყენა იმ ქაოსის აღსაწერად, რომელიც ქალაქში საფეხბურთო მატჩმა გამოიწვია. მადლიერების დღის მეორე დღეს, ფილადელფიას გარეუბნებიდან მყიდველებისა და ტურისტების დიდი ნაკადი მიაწყდა, საფეხბურთო მატჩის სანახავად.
პოლიციელებმა ვეღარ შეძლეს დასვენების დღის გამოყენება, მათ ხანგრძლივ ცვლაში მუშაობა მოუწიათ, ხალხმრავლობისა და მოძრაობის მოსაწესრიგებლად. მძარცველებმა ამ ქაოსით ისარგებლეს და მაღაზიებიდან საქონელს იპარავდნენ, რამაც სამართალდამცავებს დიდი თავის ტკივილი გაუჩინა.
მოგვიანებით, 1980-იანი წლების ბოლოს, საცალო მოვაჭრეებმა მოიფიქრეს, შავი პარასკევი მათთვის სასარგებლო დღეს გადაექციათ, მთელი წლის ზარალზე მუშაობის შემდეგ, მადლიერების დღესასწაულის მეორე დღეს მოგებაზე გასულიყვნენ.
ძველი ბუღალტრული პრაქტიკის თანახმად, მოგება შავი მელნით აღირიცხებოდა, ზარალი კი წითელი მელნით. შესაბამისად “შავი” მომგებიანობაზე მიუთითებდა.
შავი პარასკევის იდეაც იმაში მდგომარეობდა, რომ საცალო ბიზნესს ამ ერთ პარასკევს (და მომდევნო შაბათ-კვირას) იმდენი ევაჭრა, რომ წლის შემოსავალი “შავში” გადასულიყო. ასე დაერქვა შოპინგის დღესასწაულს შავი პარასკევი, რაც მაღაზიებისთვის წლის მოგებით დასრულების შანსად გადაიქცა.
რას აჩვენებს შავი პარასკევი ეკონომისტებს?
შავი პარასკევის გაყიდვების მაჩვენებლებით ეკონომისტები ხშირად, ქვეყნის საერთო ეკონომიკურ სიჯანსაღეს ზომავენ. გაყიდვების რაოდენობა აჩვენებს, შეუძლია თუ არა მოსახლეობას, საყიდლებზე დიდი ხარჯი გაწიოს. შავი პარასკევის გაყიდვების დაბალი მაჩვენებელი ზოგჯერ ეკონომიკური ზრდის შენელების წინაპირობად აღიქმება.