თხილის სექტორის განვითარების პროექტი(G-HIP) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) და FERRERO-ს დაფინანსებით საქართველოში 2015 – 2023 წლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია CNFA – საქართველომ განახორციელა.
რა სარგებელი მიიღო თხილის სექტორმა ამ ერთი კონკრეტული პროექტის ფარგლებში:
-აშენდა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი 8 ახალი საწარმო, სადაც შესაძლებელია სეზონზე 7,5 ათასი ტონა თხილის გაშრობა და 4 ათას ტონამდე თხილის დასაწყობება (ჯამური ინვესტიცია $2,4 მლნ );
-სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების, გადაეცა $800 ათასის ღირებულების ფერომონები მავნებლის მონიტორინგისა და „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების მოსაწყობად;
-განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტული დახმარება და დაფინანსდა საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობისა და მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით;
-თხილის სექტორში უვნებლობის სტანდარტების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – მიკვლევადობის სისტემის შესაქმნელად;
-განხორციელდა დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერა;
–FERRERO-ს ბაზაზე გადამზადდა საქართველოს 10 უმაღლესი სასწავლებლის 180-ზე მეტი სტუდენტი, თხილის მოყვანა-მოვლისა და გადამუშავების სრული ციკლის ფერმიდან სუფრამდე მიმართულებით.
„პროექტის ფარგლებში, ხელი შევუწყვეთ ფერმერებს, გაეუმჯობესებინათ თხილის წარმოება საქართველოში. შედეგად, 35 000-მდე მეთხილე ფერმერმა, რაც საქართველოს მეთხილე ფერმერთა რაოდენობის დაახლოებით, 70%-ს წარმოადგენს, მიიღო სარგებელი აღნიშნული პროექტიდან. მათ გაზარდეს წარმოება და გაყიდვები $145 მილიონამდე. მათ მიიღეს სხვადასხვა სახის დაფინანსება როგორც დონორებისგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან“, – განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა პროექტის შეჯამებისას.
„პროექტი, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თხილის სექტორისთვის. პროექტი იყო ეფექტიანი და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც თხილის ხარისხისა და რაოდენობის ზრდას, ასევე ზოგადად, თხილის სექტორის განვითარებას“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის, USAID მხარდაჭერით, წლების განმავლობაში, სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა თუ პროექტი განხორციელდა.