ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა, ანუ რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-მდე დაწია, თუმცა, აღნიშნავს, რომ დადებითი ტენდენციების მიუხედავად, რაც ძირითადად ინფლაციის კლებით გამოიხატება, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.
რატომ ხარჯავს ხალხი უფრო მეტ ფულს
ეროვნული ბანკის შეფასებით, ფასების ზრდის რისკები ქვეყანაში ისევ რჩება, რადგან პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია.
ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სამომხმარებლო პროდუქტებზე დანახარჯების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ქვეყანაში ნომინალური ხელფასის მატება გახდა (გაძვირების და მიგრანტების შემოდინების ფაქტორებთან ერთად).
როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, ქვეყანაში ნომინალურმა ხელფასმა სამომხმარებლო ფასებზე მეტად მოიმატა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯების ზრდას შეუწყო ხელი. ეს ტენდენცია TBC Capital-ის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამაც აჩვენა.
ამასთანავე, მოსახლეობის მიერ სამომხმარებლო პროდუქციაზე გაწეული დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში ჯერ კიდევ მზარდია, რაც ფასების მომატების რისკს ტოვებს.
რა ქმნის ინფლაციის რისკს?
რისკებს ქმნის ხელფასებისა და ფასების არსებული დინამიკა, რაც იმაში ვლინდება, რომ ქვეყანაში ხელფასის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ფასების მატების ტალღა, რაც თავის მხრივ, მუშახელის მხრიდან კიდევ უფრო მაღალი ხელფასის მოთხოვნას განაპირობებს და წარმოიქმნება ხელფასი-ფასის სპირალი.
ამ დროს, შრომის ბაზარმა შეიძლება, ზეწოლა მოახდინოს ინფლაციაზე, ანუ ფასებს ზრდისკენ უბიძგოს, რაც მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროებას გააჩენს.
ხელფასი-ფასის სპირალის განვითარება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი მოლოდინებია ფასების სამომავლო ცვლილებასთან დაკავშირებით.
მაგალითად, თუ ინფლაციური შოკის შემდეგ, როგორიცაა პანდემია, ან მიგრანტთა დიდი ნაკადის შემოდინება, ხალხში გაჩნდება მოლოდინი, რომ ფასების მატება შოკის გავლის შემდეგაც გაგრძელდება, დასაქმებულს თუ სამუშაოს მაძიებელს უჩნდება სტიმული, რომ ხელფასიც მეტი მოითხოვოს.
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე ხარჯის ზრდა, ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.
ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. ამ რისკების გათვალისწინებით, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.