თურქეთში არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. 50%-იანი ზღვარი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. მეორე ტური თვის ბოლოს, 28 მაისს გაიმართება.
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეტოქე ქილიჩდაროღლუმ, რომლის ძირითადი დაპირება, საარჩევნო კამპანიის დროს ინფლაციასთან ბრძოლა და ერდოღანის ავტორიტარული გადაწყვეტილებების შეცვლა იყო, განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მეორე ტურში… და მოვიტანთ დემოკრატიას.“
ერდოღანმა, თავის მხრივ, მხარდამჭერებს უთხრა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მაგრამ თუ „ჩვენმა ერმა აირჩია მეორე ტური, ეს ასევე მისასალმებელია“.
რა აჩვენა არჩევნების პირველმა ტურმა
თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის სანაპირო ზოლზეც ოპოზიცია ლიდერობს – ანუ იმ ქალაქებში, სადაც ტურიზმი, საერთაშორისო ვაჭრობა და საუნივერსიტეტო ცხოვრება უფრო მეტად არის განვითარებული. ქილიჩდაროღლუს ასევე მხარი დაუჭირეს პროვინციებში, სადაც ქურთული უმრავლესობა ცხოვრობს.
ერდოღანს უმეტესად იმ რეგიონებში უჭერენ მხარს, სადაც ნაკლებად ურბანული პროვინციებია და რელიგიას ბევრად დიდი როლი უჭირავს, ვიდრე დიდ ქალაქებში. ერდოღანს უპირატესობა აქვს რიზეს პროვინციაში, საიდანაც არის წარმოშობით.
საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო კოალიციამ ხმების 49.3% მოიპოვა. მათ პარლამენტში სავარაუდოდ, 321 ადგილი ექნებათ. ოპოზიციურ კოალიციას – 213 ადგილი. ხოლო ქურთულ პარტიას 66 მანდატი ექნება.
სახელისუფლებო სამართლისა და განვითარების პარტიამ (AKP), წინა არჩევნებთან შედარებით, 7%-ით გააუარესა შედეგი და მხოლოდ 35.44% მოიპოვა. მთავარმა ოპოზიციურმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ (CHP) კი 3%-ით გააუმჯობესა შედეგი და 25.3% მოიპოვა. დათვლილია ხმების 99.1%, შესაბამისად, შედეგები მკვეთრად აღარ შეიცვლება.
რას შეცვლის თურქეთის არჩევანი
არჩევნების შედეგებს, სავარაუდოდ, დიდი გლობალური შედეგები მოჰყვება. დიდი ალბათობით, თურქეთი გახდება მთავარი მოთამაშე დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში, რომელთა შორის დაძაბულობა იზრდება უკრაინაში ომის ფონზე.
თურქეთი ერდოღანის მმართველობის პირობებში მეგობრულ კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან და მისგან სამხედრო ტექნიკაც კი შეიძინა. ამან NATO-ს მოკავშირეებში უკმაყოფილება გამოიწვია.
ერდოღანი უკვე ოც წელზე მეტია თურქეთის ლიდერია.
მას კონკურენტები ავტოკრატად მოიხსენიებენ და თავისუფალი პრესისა და დისიდენტების დევნაში ადანაშაულებენ. თუმცა, მოსახლეობის ყურადღება ახლა უფრო მეტად მიმართულია ქვეყანაში მზარდ ინფლაციაზე, ლირას მკვეთრ დევალვაციასა და წლის დასაწყისში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე.
ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემების მიუხედავად, ერდოღანმა მაინც მოახერხა დიდი რაოდენობით ხმების მიღება. როგორც ჩანს, მან კარგად იმუშავა ამომრჩევლების გადასაბირებლად, რადგან წინასწარი გამოკითხვებიც აჩვენებდა, რომ თავის კონკურენტთან შედარებით, ქილიჩდაროღლუს უპირატესობა ჰქონდა.