გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას თქმით, წელს პირველად რაჭაში ყურძნის მინიმალური ფასი 8 ლარია.
“რაჭაში ყურძნის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა, დაახლოებით, 2000 ტონაა… წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ნაადრევად მოგვიწია რთვლის დაწყება. ამ ეტაპისთვის 500 ტონამდე ყურძენია დაბინავებული… მიმდინარეობს კონტროლი, რომ სხვა მუნიციპალიტეტიდან არ შემოვიდეს განსხვავებული ჯიშის ყურძენი. მობილიზებულია შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროცესს… აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ყურძნის მინიმალური ფასი 8 ლარია”, – ამბობს ოთარ შამუგია.
მისი თქმით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იწაში ჩავიდა. მინისტრთან ერთად იყვნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროს წარმომადგენლები.