რატომ ემუქრება პაველ დუროვს 20 წლამდე პატიმრობა და რა ბედი ეწევა Telegram-ს?
Telegram-ის დამფუძნებელი და მფლობელი პაველ დუროვი ფრანგმა სამართალდამცავებმა 24 სექტემბერს, გვიან საღამოს, დააკავეს, როცა მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა. ფრანგული მედიის ცნობით, დუროვი აზერბაიჯანიდან პარიზში საქმიანი ვიზიტით ჩაფრინდა. მას თან ახლდა ქალი, რომლის ვინაობა არ დასახელებულა.
დუროვის აზერბაიჯანში ყოფნა დაემთხვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბაქოში ვიზიტს (18-19 აგვისტო). უცნობია, შეხვდა თუ არა ის პუტინს ბაქოში.
Le Monde-ის ინფორმაციით, დუროვი საღამოს პარიზში გატარებას და იქ ვახშამს გეგმავდა. 39 წლის მილიარდერის გადაწყვეტილება გასაკვირია, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იგი თავს არიდებდა საფრანგეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლას ადგილობრივი სპეცსამსახურების მხრიდან დევნის საფრთხის გამო.
Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში დუროვმა თქვა, რომ ის ცდილობს არ ჩავიდეს ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არიან „დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები“, როგორიცაა შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი, რადგან ისინი მისი პლატფორმის მიმართ.გაზრდილ ინტერესს ავლენენ.
ვინ აფინანსებს Telegram-ს?
Telegram-ის დამფუძნებლის დაკავების ორდერი ფრანგულმა პოლიციამ „წინასწარი გამოძიების“ საფუძველზე გასცა.
TF1-ის თანახმად, დუროვს შესაძლოა ბრალი წაუყენონ Telegram-ზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებში თანამონაწილეობის გამო, მათ შორის ტერორიზმის, ნარკომანიის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და თაღლითობის ჩათვლით.
France-Presse-ს ინფორმაციით, დუროვის დაპატიმრების ორდერი გასცა საფრანგეთის უწყებამ, რომელიც ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს (OFMIN). დუროვს ადანაშაულებენ, რომ არ გაატარა ზომები თავისი პლატფორმის ბოროტმოქმედთა მხრიდან გამოყენების წინააღმდეგ.
რუსული მედია წერს, რომ დუროვს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Telegram-ზე არხების უმეტესობა ანონიმურია. ხშირად ეს ანონიმურობა ნარკოტიკების რეალიზაციის და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის საშუალებასაც კი იძლევა.
Telegram-ის წარმომადგენლებს შეეძლოთ დამოუკიდებლად განახორციელონ მოდერაცია და წაშალონ ასეთი შინაარსის არხები და ჯგუფები, მაგრამ პრაქტიკაში ეს არასდროს ხდება.
დუროვის პლატფორმას ხშირად იყენებენ დამნაშავეები და რადიკალური ექსტრემისტები, ვისაც სურს დაემალოს სამართალდამცავ ორგანოებს და სადაზვერვო სამსახურებს.
ცოტა ხნის წინ დუროვმა დაწერა, რომ Telegram-ის მომხმარებელთა რიცხვი მილიარდს მიუახლოვდა.
ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ, რომ ევროკავშირი აპირებს Telegram-თვის რეგულაციების შემოღებას. არ არის გამორიცხული, დუროვის დაკავება არხის შეზღუდვის საფუძველი გახდეს.
დუროვმა რუსეთი დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა. მან საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო. მას კიდევ სამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება აქვს. მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდა და სადაც Telegram-ის ოფისია განთავსებული.