Facebook-ის, Instagram-ის და Messenger-ის გლობალური გათიშვის გამო, რომელიც 5 მარტს რამდენიმე საათს გრძელდებოდა, მილიონობით ადამიანმა ვეღარ შეძლო ანგარიშებზე წვდომა.
მომხმარებლებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ისინი პლატფორმებიდან იყვნენ გასულები და ვერ შედიოდნენ უკან, ან საერთოდ ვერ ხსნიდნენ აპს.
Meta-ს სპიკერმა ენდი სტოუნმა ბოდიში მოიხადა კომპანიის სახელით, მაგრამ დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა.
Meta-მა მხოლოდ ის თქვა, რომ გათიშვა დაუზუსტებელმა „ტექნიკურმა პრობლემამ“ გამოიწვია.
რა ვერსიებია გათიშვაზე
აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ პრესკონფერენციაზე გუშინდელი გათიშვის შესახებ განაცხადა, რომ ნებისმიერი ასეთი ტექნიკური პრობლემა არ არის უჩვეულო.
სააგენტომ ასევე თქვა, რომ მათ რაიმე საეჭვო შემთხვევა არ შეუმჩნევიათ.
სამშაბათი მნიშვნელოვანი დღე იყო შეერთებულ შტატებში. გუშინ 15 შტატში საპრეზიდენტო კანდიდატებს აძლევდნენ ხმას.
გლობალური გათიშვის შემდეგ, სოციალურ მედიაში მომხმარებელთა ნაწილმა გამოთქვა ეჭვი, რომ Facebook-ს და Instagram-ზე სწორედ „დიდმა სამშაბათმა” მოახდინა გავლენა და რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა კიბერშეტევას.
აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ ისიც განაცხადა, რომ „იცოდა ინციდენტისა და მისი გლობალური მასშტაბის შესახებ“ და დასძინა, რომ ეს სავარაუდოდ არ იყო სახიფათო კიბერაქტივობა.
„ჩვენ ვიცით ინციდენტის შესახებ და ამ დროისთვის არ ვიცით საარჩევნო პროცესთან რაიმე კონკრეტული კავშირის ან გათიშვასთან რაიმე კიბერაქტივობის კავშირის შესახებ“, – განაცხადეს სააგენტოში.
უცნაური მოვლენა რუსულ ინტერნეტში
Facebook-ისა და Instagram-ის გათიშვამდე ერთი კვირით ადრე რუსულ ინტერნეტ სივრცეში უცნაური მოვლენა მოხდა. მოულოდნელად გაითიშა რუსეთში ცნობილი სოციალური ქსელები Telegram და Vkontakte, YouTube-თან ერთად.
იმავდროულად, ინტერნეტ მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ წვდომა ჰქონდათ Facebook-სა და Instagram-ზე, რომლებიც რუსეთში ორი წელია გათიშულია.
ამ უცნაური შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია. რუსეთის კომუნიკაციების სამინისტრომ მხოლოდ ის თქვა, რომ ინციდენტის გამოძიებაზე მუშაობდა. ტექნიკურ პრობლემასთან დაკავშირებით განმარტება არც Telegram-ს გაუკეთებია.
კიდევ ერთი ვერსია
გათიშვა ხდება პარასკევს დაგეგმილი ცვლილების წინ, როდესაც დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ევროკავშირის მიერ დადგენილი ახალი ციფრული ბაზრის აქტი უნდა შეასრულონ.
აღნიშნული აქტის შესაბამისად, Meta ცვლის ფუნქციებს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გამიჯნოს Facebook და Instagram ანგარიშები, რათა პერსონალური ინფორმაცია არ იყოს გაერთიანებული ონლაინ რეკლამისთვის.
ძნელი სათქმელია უკავშირდება თუ არა ეს გათიშვა ამ ცვლილების მომზადების სამუშაოებს, რომელსაც შესაძლოა ახორციელებდეს.
Meta პლატფორმების მსგავსი გათიშვა 2021 წელს მოხდა. Facebook, Instagram და WhatsApp თითქმის 6 საათის განმავლობაში იყო გამორთული, რამაც 3 მილიარდზე მეტ მომხმარებელზე იქონია გავლენა.