პროკურატურამ კოვიდპანდემიის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოში რემონტისთვის დახარჯული თანხების შესწავლა დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ლევან გოფოძე გამოიკითხა. მისი თქმით, კითხვები შეეხებოდა ხელშეკრულებებს, რომლებიც სარემონტო კომპანიებთან იყო გაფორმებული და, აგრეთვე, რა პრინციპით მოხდა მათი შერჩევა.
პანდემიის დროს საავადმყოფოს 4 სართული დაჩქარებულ რეჟიმში გარემონტდა.
„მშენებლობა და რემონტი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა და სასწაულებს ახდენდნენ, იმიტომ, რომ ძალიან მალე გაიხსნა ეს სივრცეები. საწოლების რაოდენობა 80-დან 350-მდე გაიზარდა, მათ შორის 100 იყო რეანიმაციული. უზარმაზარი საქმე იქნა გაკეთებული,“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა დირექტორმა.
ჯანდაცვის მინისტრის – ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი 63 000 კვ.მეტრის ფართიდან, კოვიდ-პანდემიის დროს, 6 000 კვ.მ გარემონტდა, რისთვისაც დაახლოებით 11 მლნ ლარი დაიხარჯა. მინისტრი ამბობს, რომ ეს ხარჯი იმ პერიოდისთვის არამიზნობრივი არ იყო, თუმცა, ახლა საავადმყოფოს მხოლოდ გარემონტება გამართლებული არ იქნება.
„6 000 კვ.მ-ის რემონტისთვის თუ 11 მლნ ლარი დაიხარჯა, მთლიანად, 63 000 კვ.მ.-ს 100 მლნ-ზე მეტი დასჭირდება. შეიძლება 200 მლნ-ის ხარჯიც მივიღოთ. ამდენი დაიხარჯოს კლინიკაში, რომელიც სტანდარტებთან შეუსაბამო იქნება და კიდევ გადაკეთება დასჭირდება?“ – აღნიშნა მინისტრმა.