საქართველოს პრემიერ მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რადგან ფქვილის ფასის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა, ეს პურის ფასებზეც შესაბამისად უნდა აისახოს და ის უნდა გაიაფდეს.
„გვქონდა პირველადი საუბარი პურის მწარმოებლებთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მათგანაც მოხდება ასახვა. ამის თაობაზე ბატონი ოთარ შამუგია უკვე ესაუბრა თავის დარგში მომუშავე მწარმოებლებს და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
ცნობილია, რომ რუსეთიდან იაფი ფქვილის იმპორტმა, ბაზარზე ფასების შემცირება გამოიწვია. რუსეთიდან შემოტანილმა ფქვილმა ბოლო პერიოდში იმდენად დიდ მოცულობას მიაღწია, რომ მთლიანად დაიკავა ბაზარი და იქიდან ადგილობრივი წისქვილკომბინატების წარმოებული ფქვილი მთლიანად განდევნა. შედეგად, ქვეყანაში არსებული ყველა წისქვილკომბინატი ამ დრომდე გაჩერებულია.
წისქვილკომბინატებმა და მარცვლეულის ადგილობრივმა მწარმოებლებმა საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს. ისინი ხელისუფლებას რუსეთიდან ფქვილის იმპორტის შეზღუდვას სთხოვენ, თუმცა, მთავრობა გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს და ამას პურის შესაძლო გაძვირების რისკით ხსნის.