ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში საპროტესტო აქცია 175-ე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის სამთომომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად დაზარალებულ 3 ადამიანს პირი აქვს ამოკერილი, 10-მდე კი შიმშილობს.
დაზარალებულების თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ მანგანუმის მადანს მოიპოვებდა, რის გამოც მათი სახლები დაიბზარა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ უფსკრულის პირას არიან და არ იციან მათი სახლები როდის დაინგრევა. სახლებთან ერთად დაზიანებულია მათი სახნავ-სათესი ნაკვეთები და სოფლის გზები.
შუხრუთელების თქმით, მათ პრობლემები ხელისუფლებას უყურადღებოდ აქვს მიტოვებული, ხოლო კომპანია კომპენსაციის გაცემაზე უარს ამბობს. პროტესტის მონაწილეები, მათ შორის ქალები ამბობენ, რომ უყურადღებობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომას ისინიც შეუერთდებიან.
„ჯორჯიან მანგანეზი“ უმსხვილესი მადანმომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. ის იმერეთში, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, 16 ათას ჰექტარზე წიაღის მოპოვების 40 წლიან ლიცენზიას ფლობს. ჭიათურის სამთოგამამდიდრებელ კომბინატთან ერთად, მის საკუთრებაშია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ვარციხე ჰესი და ზესტაფონში მდებარე კლინიკა ფერომედი.
კომპანია ბრალდებებს უარყოფს და თავის მხრივ, არაერთხელ უჩივლა პროტესტის მონაწილეებს და პირიქით, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს მათგან 5 500 000 ლარის ოდენობით.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ პროტესტის მონაწილე სამი პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმა.
24 აგვისტოს შუქრუთელები სოფელ ჭორვილამდე მსვლელობით ჩავიდნენ. ისინი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ჭორვილის შესასვლელში მობილიზებულმა პირებმა, სამართალდამცავებთან ერთად, მათ ამის საშუალება არ მისცეს.