2024 ფისკალური წლისთვის პენტაგონი რეკორდულ $842 მილიარდის ბიუჯეტს ითხოვს. ეს 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 3.2%-იანი ($816 მილიარდი), 2022 წელთან კი 13.4%-იანი ზრდა იქნება.
პენტაგონის თქმით, თავდაცვის გაძლიერების მიზანი ჩინეთის შეკავებაა.
„ჩვენი წარმატების ყველაზე დიდი საზომი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა იღვიძებს ყოველდღე, ითვალისწინებს აგრესიის რისკებს და ასკვნის: დღეს ამის დრო არ არის“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კეტლინ ჰიქსმა.
$842 მილიარდიდან $315 მილიარდი პენტაგონს ახალი იარაღის წარმოებისა და შეძენისთვის სჭირდება. აქედან $170 მილიარდი იარაღის შესყიდვისთვის დაიხარჯება, რაც ასევე რეკორდული ციფრია. ამ თანხით მოხდება ბომბდამშენების, კონტინენტთაშორისი და წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების შეძენა, რომლებიც ქმნიან ბირთვულ ტრიადას.
პენტაგონი ითხოვს კანონმდებლების თანხმობას, რომ ხელი მოაწეროს გრძელვადიან ხელშეკრულებებს ხუთი ტიპის რაკეტების შესყიდვაზე: Naval Strike Missile, SM-6, AMRAAM, JASSM-ER და LRASM.
2024 წლისთვის თავდაცვის უწყებას ასევე, სჭირდება:
- $145 მილიარდი კვლევისა და განვითარების პროექტებისთვის
- $29,8 მილიარდი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის
- $11 მილიარდი ჰიპერბგერითი იარაღისთვის და სხვა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისთვის
- $13,5 მილიარდი კიბერ საქმიანობის უზრუნველყოფისთვის
- $1,8 მილიარდი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის.
2024 წლის ბიუჯეტი გათვლილია 452 000 მოქმედ ჯარისკაცზე, 325 000-იან ეროვნულ გვარდიასა და 174 800-იან რეზერვზე. 2023 წელთან შედარებით, მათი რაოდენობა დაახლოებით 20 000 არის შემცირებული. ბიუჯეტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის 5,2%-ით გაზრდას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, საზღვაო ძალებს დაგეგმილი აქვს ცხრა გემის შეძენა. მათ შორის იქნება, ერთი კოლუმბიის კლასის წყალქვეშა ნავი; ორი ვირჯინიის კლასის; ორი Arleigh Burke კლასის გამანადგურებელი; ორი ე.წ. თანავარსკვლავედის კლასის ფრეგატი, წყალქვეშა ტენდერის შემცვლელი გემი და John Lewis კლასის ფლოტის მხარდამჭერი. ასევე, შეისყიდიან ორ Arleigh Burke კლასის გამანადგურებელსა და ორ თანავარსკვლავედის კლასის ფრეგატს. საზღვაო ძალებს დაფინანსება ამფიბიური გემის შესაძენად, ამ ჯერზე, არ მოუთხოვია.
2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს თვითმფრინავების შესყიდვების დაჩქარებასაც. თავდაცვის უწყება ყიდულობს 96 თვითმფრინავს, მათ შორის 72 გამანადგურებელ თვითმფრინავს.
პენტაგონი მომავალ წელს გეგმავს ახალი საწვავის შემავსებელი ტანკერის შექმნაზე მუშაობის დაწყებას.
ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება კოსმოსთან დაკავშირებული აქტივობები.
უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული $300 მილიონის გარდა, ახალ ბიუჯეტში უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ შედის. აშშ-ის თავდაცვის უწყება აცხადებს,. რომ თუ უკრაინა 2024 წელს ჯერ კიდევ ომში იქნება, მას საგანგებო ან დამატებითი დაფინანსებით უზრუნველყოფენ.