პარლამენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
პროექტის განხილვა მთელი დღის განმავლობაში დაპირისპირების და პარლამენტის წინ მრავალრიცხოვანი აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს -ე.წ. აგენტების შესახებ, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, მისი განხილვა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა. შესაბამისად, ის კენჭისყრაზე არ დამდგარა.
მმართველმა პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტებს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა, დღესვე გადაწყვეტილება შეცვალეს და მაშინ, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი გასული იყო სხდომათა დარბაზიდან, შესვენების გარეშე, განხილვა დაიწყეს.
კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ისინი საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდნენ და მიღებული შემოსავლების დეკლარირება მოახდინონ. ამავდროულად, ორგანიზაციები ვალდებულები იქნებიან საფინანსო დეკლარაცია ყოველწლიურად შაევსონ.
კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს ჩაატაროს აღნიშნული ორგანიზაციების კვლევა და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. თუ ორგანიზაცია, იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადის ფორმას არ შეავსებს, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში ასევე, დაეკისრება 10 ათასი ლარის ჯარიმა; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.