2024 წელს საქართველოში ერთი ოჯახის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება თვეში საშუალოდ 220 კვტ/სთ-ს გაუტოლდა, რაც 2023 წელთან შედარებით 6,8%-ით არის გაზრდილი. წინა წელს საშუალო მოხმარება 206 კვტ.სთ იყო. 2022 წელს კი 203 კვტ.სთ-ს შეადგენდა. მთლიანობაში საცალო მოხმარება ბოლო ერთ წელიწადში 7,5%-ით არის მომატებული.
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ფაქტორები
“თიბისი კაპიტალის” კვლევის თანახმად, ელექტროენერგიის საცალო მოხმარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ქვეყნის მასშტაბით მზარდი ურბანიზაციაა.
მოსახლეობაში ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ელექტრიფიკაცია ფიქსირდება, რაც ყველაზე მეტად შესამჩნევია კონდიციონერებისა და ელექტრო ავტომობილების მზარდ რაოდენობაში.
“თიბისი კაპიტალის” შეფასებით, განსაკუთრებით გამოკვეთილი ცვლილება კონდიციონერების მოხმარებაშია. აღნიშნულ ფაქტორს ისიც ადასტურებს, რომ უკანასკნელ წლებში ზაფხულში ელექტროენერგიის მოხმარების პიკი ფიქსირდება.
კონდიციონერების მზარდი მოხმარება მისი იმპორტის მაღალ მაჩვენებელშიც გამოვლინდა. 2024 წელს ქვეყანაში კონდიციონერების იმპორტი წლიურად 42%-ით არის გაზრდილი.
მზარდი ტენდენცია ფიქსირდება ელექტრომობილების იმპორტის თვალსაზრისითაც. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ყოველწლიურად იზრდება ახალი ელექტრომობილების რაოდენობა ქვეყნის ავტოპარკში. ასევე გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც.
2024 წელს ქვეყანაში 5,193 ელექტრო(EV) და ფლაგ–ინ ჰიბრიდის(PHEV) იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 71%-ით აღემატება. აქედან, EV-ის იმპორტი 84%-ით, ხოლო PHEV- ის იმპორტი 16%-ით გაიზარდა.
2024 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარების მეოთხედზე მეტი იმპორტირებული ენერგიით დაკმაყოფილდა.