უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბევრმა დასავლურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესის შეაჩერებდა, მაგრამ სიტყვა მხოლოდ 20%-მა შეასრულა.
დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოცემა Important Stories წერს, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის აპრილამდე, რუსეთის ბიზნესრეესტრში „არამეგობრული“ ქვეყნების (პირველ რიგში აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 2,5 ათასით შემცირდა. კომპანიების ნაწილმა შეიცვალა მესაკუთრე, განახორციელა ლიკვიდაცია ან ლიკვიდაციის პროცესშია.
რუსული ბაზარი დატოვეს ავტოკონცერნებმა – Mercedes-Benz, Renault, Nissan, Mazda. ასევე, Shell-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა, Tobacco Group-მა, McDonald’s-მა.
კომპანიების მცირე ნაწილისთვის რუსეთის დატოვება გაძნელდა ბიზნესის გასაყიდად მომზადებისა და მყიდველის პოვნის პრობლემების გამო.
კომპანიების გასვლას რუსეთის ხელისუფლებაც უშლის ხელს.
Financial Times წერს, რომ 2 ათასამდე კომპანია ელოდება უცხოური ინვესტიციების კონტროლის კომისიის ნებართვას, რომლის გარეშე რუსული ბაზრის დატოვება შეუძლებელია. კომისია კი თვეში მხოლოდ 3-ჯერ იკრიბება და თითო სხდომაზე შვიდ განაცხადზე მეტს არ იხილავს.
რუსეთიდან წასულ კომპანიებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „კარს ღიას ტოვებენ“, ანუ გამოსყიდვის უფლებას იტოვებენ, გაყიდულ აქციებს გირაოს ფორმით ინარჩუნებენ ან ცდილობენ, ბიზნესი სანდო ხალხს გადასცენ.
არიან კომპანიებიც, რომლებიც მხოლოდ მფლობელის შეცვლით შემოიფარგლნენ. ესენი არიან მცირე კომპანიები, რომელთა ახალი მფლობელები არიან იურიდიული პირები თურქეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.
შვეიცარიელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნების (G7) კომპანიების მხოლოდ 8,5%-მა გაყიდა თავისი შვილობილი კომპანიები რუსეთში.
ყველაზე აქტიური რუსეთის დატოვებაში ამერიკული და ფინური ბიზნესი იყო.