2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ის ტოლია.
ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ მედიკამენტებზე და სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე. ამ უკანასკნელ ჯგუფში ფასებმა წლიურ ჭრილში -3,1 %-ით დაიკლო.
სამაგიეროდ ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფში ფასებმა მოიმატა 5,1%-ით. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 3.4 %-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც 0.52%-ით აისახა წლიურ ინდექსზე.
ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე:
საფინანსო მომსახურება (26.3%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (5.6%), პირადი ჰიგიენა (5.2%); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5%-ით, რაც 0.37%-ით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.3%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (2.9%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5%); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით.
ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.5%), ისე ალკოჰოლური სასმელების (4.0%) ქვეჯგუფებზე;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35% შეადგინა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4%) და გადასახადი საცხოვრებელზე (7.4%); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1%-იანი კლება, რაც -1.08%-ით აისახა წლიურ ინდექსზე.
ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.7%), პური და პურპროდუქტები (-9.2%), რძე, ყველი და კვერცხი (-3.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5%).
ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12.2%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.3%), თევზეულზე (5.0%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.7%).