ჰოლანდიის მთავრობა აპირებს, შეაჩეროს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი, – ამის შესახებ ნიდერლანდების ენერგეტიკის მინისტრმა რობ ჯეტენმა ოთხშაბათს განაცხადა.
მინისტრის თქმით, ჰოლანდიის მთავრობა მუშაობს რუსეთიდან LNG-ის იმპორტის მთლიანად შესაჩერებლად, – წერს Bloomberg.
მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს ქვეყანამ შეწყვიტა ახალი კონტრაქტების გაფორმება რუსეთიდან თხევადი აირის შესყიდვაზე. ამჟამად მუშაობენ ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების შეზღუდვაზე.
მისი თქმით, ნიდერლანდები ყველაფერს გააკეთებს, რათა თავი დააღწიოს რუსეთიდან წიაღისეული საწვავის, ასევე, ქვანახშირის, ბუნებრივი აირისა და ნავთობის იმპორტს.
„ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
Bloomberg წერს, რომ გადაწყვეტილება გრძელვადიან კონტრაქტებსაც შეეხება.
ნიდერლანდები ამ დრომდე ახორციელებდა რუსული ბუნებრივი თხევადი აირის იმპორტს ძველი კონტრაქტების მიხედვით, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 15%-ს შეადგენს.
უფრო ადრე ესპანეთმა, რუსული თხევადი აირის უმსხვილესმა შემსყიდველმა ევროპაში, უკვე სთხოვა კომპანიებს, არ გააფორმონ კონტრაქტები რუსეთიდან ახალი შესყიდვების შესახებ.