OPEC+-ის მიერ ნავთობის ახალი შემცირების მოლოდინის ფონზე, Brent-ის საორიენტაციო ფასი 0,77%-ით გაიზარდა და ბარელზე $83,74-ს მიაღწია.
WTI-ის იანვრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის ბირჟაზე გაძვირდა $1,15-ით ბარელზე, $79,01-მდე.
ბაზარი OPEC+ -ის წევრი ქვეყნების ონლაინშეხვედრას ელოდება, რომელიც დღეს იმართება.
ისინი დიდი ალბათობით, შეთანხმდებიან მოპოვების შემცირებაზე მინიმუმ 1 მილიონი ბარელით დღეში.
ნავთობის უდიდესი მომპოვებელი საუდის არაბეთი ძალაში დატოვებს მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას. მცირე შეზღუდვებს სხვა მწარმოებლებიც შეინარჩუნებენ, ასეთია OPEC+-ის წევრების წინასწარი შეთანხმება შეხვედრის წინ.
საუდის არაბეთი, რუსეთი და OPEC+-ის სხვა წევრები მსოფლიოს ნავთობის 40%-ზე მეტს, ანუ დაახლოებით 43 მილიონ ბარელს აწარმოებენ დღეში. ამჟამად მათ დაახლოებით 5 მილიონი ბარელით აქვთ შემცირებული დღიური მოპოვება.
შემცირების ზუსტი ოდენობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
საუდის არაბეთს ნავთობის დღიური წარმოება 1 მილიონი ბარელით ივლისიდან აქვს შემცირებული. ხოლო რუსეთმა ექსპორტი 300,000 ბარელით შეამცირა. ორივე გადაწყვეტილებას ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება,
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უდიდესი მომპოვებლები – რუსეთი და საუდის არაბეთი გარიგდნენ და 2024 წლის პირველ კვარტალში შემცირების ოდენობა კიდევ გაზარდონ.
„ვფიქრობ, რომ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ,“ – თქვა ამრიტა სენმა, ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია Energy Aspects-ის კვლევის ხელმძღვანელმა.