როგორც გუშინ, 12 ივნისს გახდა ცნობილი, მთავრობამ სუროგაციის რეგულირების გადაწყვეტილება მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ცვლილების მიზეზი ის არის, რომ ეს მიმართულება წლების განმავლობაში დაურეგულირებელია, არ ხდება დონორის და სუროგაციის აღრიცხვა. მისი თქმით, ასევე, დასარეგულირებელია მოტივაციის გამჩენი რეკლამები, რომლებმაც მოქალაქეები შეიძლება, შეცდომაში შეიყვანოს.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალური და სხვა პრობლემების გამო დონორების და სუროგატების რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ ხუთი წლის წინ დონორებისა და სუროგატების რაოდენობა წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 ადამიანი იყო, ახლა ეს რიცხვი 2000-ს აღწევს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში არის შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც ამ სფეროს რეგულირებას ეხება და რომელიც პანდემიამდე – 2020 წელს უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო და ახლა სამინისტრო დაჩქარებულად ცდილობს, შემოდგომისთვის კანონის ფარგლებში მოაქციოს.
მხოლოდ უანგარო სუროგაცია
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კანონში შესატანი ცვლილებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი „უანგარობის პრინციპის“ დარეგულირება იქნება.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, სუროგაციის და დონორობის მსურველებს კომპენსაციის მხოლოდ იმ ოდენობის აღება შეეძლებათ, რომელიც ორსულობასა და მშობიარობასთან აუცილებელ ხარჯებს ითვალისწინებს.
„საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, – განაცხადა მინისტრმა.