მსოფლიო ბანკი 2024 წელს გლობალური მშპ-ს 2,6%-ით ზრდას პროგნოზირებს. შემდეგ კი 2025-2026 წლებში ზრდა 2.7%-მდე დაჩქარდება. მსოფლიო ბანკი იანვარში ეკონომიკის 2.4%-ით ზრდას ვარაუდობდა.
მიმდინარე წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება, COVID-19 პანდემიამდე არსებულ მშპ-ს მაჩვენებელს, რომელიც საშუალოდ 3.1%-ს შეადგენდა.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს შეადგენენ, ზრდას უფრო ნელა გააგრძელებენ, ვიდრე პანდემიამდელ ათწლეულში.
განვითარებულ ქვეყნებში 2024 წელს ეკონომიკა 1,5%-ით, მომავალ წელს კი 1,7%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, მშპ-ს საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2024-2025 წლებში 4% იქნება, რაც ოდნავ ჩამოუვარდება შარშანდელ მაჩვენებელს. ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ზრდა წელს 5%-მდე დაჩქარდება, 2023 წელს არსებული 3,8%-დან.
მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების პერსპექტივა კიდევ უფრო გაუარესებულია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მათ ემუქრებათ ვალის მომსახურების მძიმე ტვირთი, სავაჭრო შესაძლებლობების შემცირება და კლიმატური კატაკლიზმები, რომლებიც მათ ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს.
მსოფლიო ბანკი ასევე მიიჩნევს, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა იპოვონ გზები კერძო ინვესტიციების სტიმულირებისთვის, სახელმწიფო ვალის შესამცირებლად, განათლების, ჯანდაცვისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
2024 წელს, მოსალოდნელია, რომ გლობალური ინფლაცია შენელდება 3,5%-მდე, ხოლო 2025 წელს 2,9%-მდე, მაგრამ ეს შესუსტება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს ექვსი თვის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები, ნათქვამია ბანკის ანგარიშში. შედეგად, ბევრი ქვეყნის ცენტრალური ბანკები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ ფრთხილად მოქმედებას ძირითადი საპროცენტო განაკვეთების შემცირებისას.
გლობალური საპროცენტო განაკვეთები, სავარაუდოდ, დარჩება მაღალი და საშუალოდ დაახლოებით 4%-ზე იქნება 2025-26 წლებში, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება 2000-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს.