აშშ-ის სასამართლომ გაკოტრებული კრიპტობირჟის – FTX-ის დამფუძნებელს – სემ ბანკმენ–ფრიდს პატიმრობა მიუსაჯა.
ბანკმენ–ფრიდი 2022 წლის დეკემბრის ბოლოს $250 მილიონის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა, პროკურატურამ დაარწმუნა სასამართლო, რომ გაკოტრებული კრიპტობირჟის დამფუძნებელმა არაერთხელ სცადა საქმის მოწმეებზე ზემოქმედება.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბანკმენ–ფრიდი არ უნდა დაეპატიმრებინათ, რადგან ის თავისი რეპუტაციის დაცვას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ბრალდების მხარის არგუმენტებს დაეთანხმა და ბანკმენ–ფრიდი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
FTX-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი 2022 წლის დეკემბერში ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს.
ამის მიზეზი გახდა შეერთებული შტატების მოთხოვნა, სადაც ბანკმენ–ფრიდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის ინვესტორების მოტყუებაშია ეჭვმიტანილი. ინვესტორებმა $1,8 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს ბანკმენ–ფრიდის კრიპტობირჟაზე, რომელიც ნოემბერში გაკოტრდა.
გამომძიებლების თქმით, ბანკმენ–ფრიდმა ამ ფულით უძრავი ქონება შეიძინა, პოლიტიკური შემოწირულებები განახორციელა, ხოლო თანხის ნაწილით დაფარა სავაჭრო პლატფორმა Alameda Research-ის ზარალი, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნის.