რუსული ავიაკომპანია Azimuth და Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
Azimuth ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს სავარაუდოდ, 16 მაისიდან დაიწყებს, Georgian Airways, სავარაუდოდ –18 მაისიდან.
„შეიძლება 18-ში არა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. იმედია, უახლოეს ათ დღეში დავიწყებთ ფრენებს,“ – განაცხადა Georgian Airways-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა. მისივე თქმით, Azimuth მომავალი კვირიდან თბილისის მიმართულებით რეისებისთვის ემზადება.
ორივე გადამზიდავმა რუსეთიდან ფრენების სურვილის შესახებ თბილისის აეროპორტს უკვე შეატყობინა. ამ ინფორმაციას თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia ადასტურებს.
რუსული ავიაკომპანია თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე კვირაში ექვსი რეისის შესრულებას გეგმავს.
Georgian Airways ბილეთების გაყიდვას მომავალი კვირის დასაწყისიდან აპირებს,
გავრცელებული ინფორმაციით, Azimut ფრენებს Superjet-ის თვითმფრინავებით განახორციელებს, რომლებიც რუსეთის სალიზინგო კომპანიებს ეკუთვნის და არ ექვემდებარება სანქციებს..
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და ასევე, რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა.
ოფიციალური თბილისი მიესალმა მოსკოვის გადაწყვეტილებას და ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით ახსნა, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და ვისაც სახლში დაბრუნება უჭირდა.