ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა.
ევრობანკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით (+0.25%) გაიზარდა და 3.75%-ით განისაზღვრა.
ეს ზედიზედ მეშვიდე ნაბიჯია საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიმართულებით, ბოლო შარშანდელი ივლისის შემდეგ.
ცენტრალური ბანკების ბრძოლა ინფლაციის წინააღმდეგ გრძელდება
ევროზონის 20 ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა უკვე გაზარდა რეფინანსირების განაკვეთები რეკორდული ოდენობით, იმ იმედით, რომ შეაჩერებს ფასების მკვეთრ ზრდას. მაგრამ ინფლაციის სამიზნე 2%-იან ნიშნულამდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი.
ECB მიუთითებს, რომ მისი ახლანდელი გადაწყვეტილება ბოლო ზრდა არ იქნება.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის შემაკავებელი ბერკეტია, თუმცა, იმავდროულად იწვევს კრედიტების გაძვირებას, რასაც ეკონომიკის შენელება მოჰყვება. ამიტომ ცენტრალურ ბანკებს უწევთ ბალანსის შენარჩუნება ინფლაციასა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შორის.
მონეტარული პოლიტიკის ცვლილება აისახება ვალუტის კურსზეც. მისი გამკაცრება სავარაუდოდ, გამოიწვევს ევროს გამყარებას ამერიკული დოლარის მიმართ.