საკონსულტაციო ჯგუფმა PMCG-მა საქართველოს ეკონომიკური კლიმატი 60 ეკონომისტს შეაფასებინა. კვლევა 2023 წლის თებერვალში ჩატარდა.
ქართველი ეკონომისტები მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ, მაგრამ მომდევნო ექვს თვეში გაუარესებას ვარაუდობენ.
ისინი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების არასწორ გადანაწილებას (უნარების შეუსაბამობა) მიიჩნევენ. ეს გამოიხატება კვალიფიციური კადრების ნაკლებობაში, იმ დროს, როცა ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია. ხოლო უნარების შეუსაბამობა ნაკლები კაპიტალის შექმნასა და ეკონომიკის განვითარების შეფერხებას გულისხმობს. ეკონომისტების 83% ამ პრობლემას საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალ საფრთხედ მიიჩნევს.
გამოკითხულები მაღალ საფრთხედ აფასებენ რუსეთის ომს უკრაინაში. ხოლო ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას ისინი ზომიერ საფრთხედ მიიჩნევენ.
ეკონომისტების აზრი ორად გაიყო საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მაღალი იმიგრაციის შესახებ. 50% მიიჩნევს, რომ ეს არის მაღალი ან ძალიან მაღალი საფრთხე საქართველოს ეკონომიკისთვის, ხოლო 50% მიიჩნევს, რომ დაბალი ან ზომიერი საფრთხეა.
ეკონომისტების მიერ შედარებით ნაკლებ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან საფრთხედ არის მიჩნეული ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პრობლემები.