პროფკავშირები დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასის გაზრდას და უმუშევრობის შემწეობის დადგენას მოითხოვს. გაერთიანება მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი ქვეყანაში საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ით უნდა განისაზღვროს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ 1-ელ მაისს მშრომელთა სოლიდარობის დღე აღნიშნა და სპეციალური მანიფესტი გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველოს მთავრობას და პარლამენტს დასაქმებულების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
გაერთიანების განცხადებით, ქვეყანაში იზრდება სოციალური უთანასწორობა, რაც შემოსავლების არათანაბარმა გადანაწილებამ განაპირობა. ფასების ზრდა მნიშვნელოვნად აისახა საქართველოს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც ანაზღაურების სახით 500 ლარზე ნაკლებს იღებს.
„საქართველოში დღეს 131 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს. დღევანდელი 500 ლარი კი 2010 წლის ფასებში 282 ლარს არ აღემატება. აქვე, თებერვლის მდგომარეობით, 277 ადამიანი იღებს 100 ათას ლარზე მეტ ხელფასს თვეში და ისინი იბეგრებიან ისეთივე საშემოსავლო გადასახადით, როგორც 100 ან 200 ლარიანი ხელფასის მქონე დასაქმებულები. პროგრესული გადასახადის არარსებობის პირობებში, უთანასწორობა სულ უფრო ღრმავდება.გადასახადს იხდიან ის დასაქმებულებიც, რომელთა შემოსავალიც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.
ოფიციალური სტატისტიკით მცირდება ფარდობითი სიღარიბის დონე (2021 წლის მდგომარეობით 18,9%). რეალურად კი, უთანასწორობა და მასთან ერთად, სოციალური პროგრამების მიღმა სიღარიბე იზრდება. სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ეს შემცირება ბოლო 17 წლის განმავლობაში მხოლოდ 1,8%-ია და რაც მთავარია, სიღარიბის შემცირება ხდება სოციალური პროგრამებით მოსახლეობის მოცვის გაფართოებით და არა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით, ან დასაქმების დონის ზრდით”, – აღნიშნულია მანიფესტში.
პროფკავშირები ასევე პრობლემად მიიჩნევს, ქალთა და მამაკაცთა ხელფასებს შორის არსებულ სხვაობას, რომელიც 17,3%-ს აღწევს. გაერთიანება სახელმწიფოს არაფორმალურად დასაქმებულების დახმარებისკენაც მოუწოდებს.
„არასასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავეთა 28,8% არაფორმალურადაა დასაქმებული. ისინი მოკლებულნი არიან, როგორც შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი უფლებებით სარგებლობის, ისე საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები არაფორმალური დასაქმების ნებაყოფლობითი ფორმალიზაციისკენ”, – წერია მანიფესტში.
პროფკავშირებს მიაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია:
• დასაქმებულების ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა;
• უმუშევრობის შემწეობის დადგენა;
• გენდერული უთანასწორობის უზრუნველყოფა, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა;
• პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა;
• კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა.
გაერთიანება ასევე, ითხოვს, 1-ელი მაისის უქმე დღედ გამოცხადებას.