TBC Capital ვარაუდობს, რომ საქართველოდან მიგრანტების გადინება წელს ნაკლებად სავარაუდოა. მათ მიერ გამოკითხული მიგრანტების 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტ ხანს აპირებს დარჩენას. 33%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, 15% კი საქართველოში დარჩენას 1-2 წლის განმავლობაში აპირებს.
ასეთი სურათი აჩვენა TBC Capital-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის შედეგები შეჯამდა.
TBC Capital-ის მონაცემებით, ამჟამად, მიგრანტების რაოდენობა საქართველოში 115 ათასია. რაც შეეხება მათი შემოსავლის წყაროს, მათი დიდი ნაწილი შემოსავალს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც იღებს.
თიბისის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიების 48%, სადაც თიბისი ბანკის მომხმარებელი მიგრანტები არიან დასაქმებულები, საერთაშორისო კომპანიებია, 29% ქართულია, 22% კი – რუსული.
როგორც ფულადი გზავნილების სტატისტიკა აჩვენებს, ბოლო პერიოდში, სავალუტო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რუსეთის წილი მომატებულია, ძირითადად, მიგრანტებისა და გზავნილების ხარჯზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოდინებები სხვა ქვეყნებიდანაც იზრდება.