საქართველოს პარლამენტი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტს განიხილავს. ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტში მომავალი წლისთვის 27,8 მილიარდი ლარის შემოსავალი გაითვალისწინა.
აქედან, საგადასახადო შემოსავლების სახით 21, 242 მილიარდ ლარის მიღებას ელოდება.
ბიუჯეტის ზრდა ძირითადად გადასახადების მობილიზების ხარჯზე მოხდება. მთავრობა 2024 წელს ეკონომიკიდან 18.3 მილიარდი ლარის გადასახადების ამოღებას გეგმავს, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 2 მილიარდი ლარით მეტია.
ყველაზე დიდი ზრდა საშემოსავლო გადასახადის სახით არის დაგეგმილი. მნიშვნელოვნად იმატებს შემოსავლები დღგ-ის სახითაც.
2024 წლისთვის დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლები:
-
საშემოსავლო გადასახადი – 6.16 მილიარდი ლარი (ზრდა 1 მილიარდი ლარი);
-
დღგ – 7.39 მილიარდი ლარი (+718 მილიონი ლარი);
-
აქციზი – 2.36 მილიარდი ლარი (+265 მილიონი ლარი);
-
მოგების გადასახადი – 2.06 მილიარდი ლარი (+63 მილიონი ლარი);
-
იმპორტის გადასახადი – 161 მილიონი ლარი (+31 მილიონი ლარი);
-
სხვა გადასახადები – 176 მილიონი ლარი (-73 მილიონი ლარი).
აზარტული თამაშების სანებართვო მოსაკრებლის სახით 60 მილიონ ლარია გათვალისწინებული.
მთავრობამ პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი -350,0 მლნ ლარი განსაზღვრა (2023 წლის პროგნოზის ტოლია).
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 24.1 მილიარდი ლარის ხარჯია გათვალისწინებული, რაც 2023 წელთან შედარებით, 2.265 მილიარდი ლარით მეტია.