საქართველოს მთავრობა წინასაარჩევნოდ სამშენებლო ამნისტიას ამზადებს, რომელიც მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.
ახალი ინიციატივის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტის მომზადება დაავალა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამნისტია შეეხება ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ საცხოვრებელ სახლებს.
მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, სამომავლოდ აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთა ინდივიდუალური სახლებზე, როგორც სოფლად, ასევე, ქალაქად, არ არის გაცემული სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ მოუწევთ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურის გავლა.
ამნისტია გავრცელდება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა -ნაგებობაზე. იუსტიციის მინისტრის თქმით, საცხოვრებელი სახლები, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ იქნება აშენებული, საჯარო რეესტრში აღარ დარეგისტრირდება.