საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკს ბიზნესსახლის შენობა, 28.6 მლნ ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიჰყიდა. 13 421 კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული მშენებარე 25 873 კვ.მ შენობა-ნაგებობა ეროვნულ ბანკს გადაეცემა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან. განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 26 აგვისტოს მოაწერა.
გულიას 3-ში მდებარე ბიზნესსახლის მშენებლობა, 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო. მისი თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ, მთავრობამ პროექტი გააჩერა.
ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებდა. საუბარი იყო 600-ზე მეტ მომსახურებაზე, რომლებიც ერთ სივრცეში იქნებოდა ხელმისაწვდომი.
მთავრობის განკარგულებით, ეროვნულმა ბანკმა თანხა ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში უნდა გადაიხადოს. შენობის ექსპლუატაციაში მიღების პერიოდად 5 წელი (60 თვე) განისაზღვრა.
ასევე, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, არსებული შენობების დემონტაჟი განახორციელოს და ტერიტორიაზე ახალი შენობების ააშენოს.
2019 წელს შენობა-ნაგებობა, რომლის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარამდე დაიხარჯა, ეკონომიკის სამინისტრომ საპარტნიორო ფონდს გადასცა. 2022 წელს ობიექტი ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე დაბრუნდა.