პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებით მედიამ არასწორი ფაქტი გაავრცელა, მაუწყებლისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცემა. ამ შესაძლებლობას გასულ წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება იძლევა. 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, კანონში, ევროდირექტივის მოთხოვნის შესაბამისად, შეტანილი ცვლილებებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი გადაცემები და რეკლამები დარეგულირდა. ხოლო მაუწყებლებს მიეცათ გარდამავალი პერიოდი, რათა თავიანთი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ.
კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ მედიის მთავარ გამოწვევად ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება კვლავ რჩება.