მარტვილის კანიონის 350-მეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მთელ სიგრძეზე 3D განათების სისტემით განათდა. განათებულია კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, მდინარე. კლდეებზე კი დამთვალიერებელს ლაზერშოუს ნახვა შეუძლია.
მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა მარტვილის კანიონზე, ხოლო ხონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების ფონზე უფასოდ შეძლებს მოგზაურობას.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 ათასი ვიზიტორი ეწვია. წელს კი, 5 თვის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, სტუმრების რიცხვი 50%-ით არის გაზრდილი. ამჟამად მიმდინარეობს დაახლოებით 1200 კმ საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.
უწყების ინფორმაციით, 2022 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი დაახლოებით 120 ათასი ჰექტრით გაიზარდა.
წელს, სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მოწყობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 22.5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.