კომუნიკაციების კომისიამ “მაგთი” მობილური კომუნიკაციის ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის მქონე მოთამაშედ გამოაცხადა.
ეს ნიშნავს, რომ “მაგთის” კომუნიკაციების კომისიის მიერ განსაზღვრული დამატებითი რეგულაციების შესრულება მოუწევს.
რას ითვალისწინებს რეგულაციები? „მაგთის” მიერ თავის ქსელზე სხვა მობილური ვირტუალური ოპერატორები დაშვებას, შიდა როუმინგის ამოქმედებას და ქსელის ინფრასტრუქტურის მიქირავების ვალდებულებას.
უფრო კონკრეტულად. ეს ვალდებულებებია:
1) ვირტუალური ოპერატორის დაშვება, დაშვების გამჭვირვალე პირობებით და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით;
2) ეროვნული როუმინგი – ნაკლები დაფარვის ქსელის ოპერატორს ჰქონდეს შესაძლებლობა ფასის სანაცვლოდ მოიპოვოს წერტილოვნად დაშვება რეგიონებში, სადაც ცუდია მისი სერვისები;
3) თანალოკაციის დაშვება, რაც ნიშნავს კონკრეტული ქსელის ელემენტების მიქირავებას. იძლევა შესაძლებლობას, იქირაოს ტექნიკური სიმძლავრე როგორც მსხვილმა ოპერატორმა, ასევე ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ოპერატორმა.
კომისიამ თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, რომელმაც აჩვენა, რომ მობილური საკომუნიკაციო ბაზარი არაკონკურენტულია და მომხმარებელთა ინტერესებისთვის აუცილებელია, ბაზარზე კონკურენციის დონე გაიზარდოს. „მაგთის” ქსელზე სხვა ოპერატორების დაშვება კი ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას ქმნის.
კომუნიკაციების კომისია გეგმავს, რომ “მაგთისთან” მიმართებაში ანალოგიური გადაწყვეტილება ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც მიიღოს.
კომპანია “მაგთი” აპირებს კომისიის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და მის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია 2024 წლის 22 თებერვალს დაადგინა. მეთოდოლოგიის მიხედვით, კონკრეტულ კომპანიას შეიძლება აღნიშნული სტატუსი მიენიჭოს, თუკი მას 40%-ზე მაღალი საბაზრო წილი უჭირავს.
2024 წლის მონაცემებით, “მაგთის” 2,283,302 აბონენტი ჰყავს, რაც მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის აბონენტთა 41.6%-ს შეადგენს. ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი “მაგთის” აბონენტთა რაოდენობა ბაზრის 51%-ია.