პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა (PMCG) 2024 წლის დეკემბერში ჩაატარა კვლევა, რომელიც 60 ეკონომისტის გამოკითხვას ეყრდნობა.
შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველი ეკონომისტების მოლოდინი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ გაუარესებულია. ისინი ნეგატიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე და მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობას.
ეკონომისტების პროგნოზით,
- ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან, ევროსთან და თურქულ ლირასთან მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან მიმართებით მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
- მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2024 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობების შემცირება.
- 2025 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 3.6%-ს შეადგენს. რაც მნიშვნელოვნად დაბალია 2024 წლის წინასწარ მონაცემზე, რაც 8,5%-ს შეადგენს.
რეალური მშპ-ს ზრდა საქართველოში და მისი პროგნოზი 2025 წლისთვის
- მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება. 2025 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი 1,9%-დან საშუალოდ 4.6%-მდე მოიმატებს.
საშუალო წლიური ინფლაცია და მისი პროგნოზი 2025 წლისთვის
ეკონომისტების აზრით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობამ.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ნეგატიურად შეფასდა ეკონომიკისთვის ყველა გამოკითხული ეკონომისტის მიერ. მათი აზრით, მოლაპარაკებების შეჩერება ყველაზე მეტად საერთაშორისო დახმარებაზე და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე იმოქმედებს.
რაც შეეხება პროგნოზს, ეკონომისტების აზრით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს პოლიტიკური არასტაბილურობა და გაცვლითი კურსის ცვალებადობა, ხოლო ყველაზე ნაკლებს – იმპორტირებული ინფლაცია და რეგიონული კონფლიქტები.