საუდის არაბეთის ალ-ნასრისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალ Forbes-ის მიხედვით 2024/25 წლების სეზონის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.
გამოცემამ 39 წლის პორტუგალიელი სპორტსმენის შემოსავალი ფეხბურთში რეკორდულად $285 მილიონად შეაფასა. აქედან $220 მილიონი მას კლუბმა გადაუხადა, ხოლო კიდევ $65 მილიონი არასაფეხბურთო საქმიანობიდან მიიღო.
Forbes აღნიშნავს, რომ სპორტსმენებს შორის, რომელთა ქონებას ჟურნალი 1990 წლიდან ითვლის, მხოლოდ მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა შეძლო ერთ წელიწაში უფრო მეტი შემოსავლის მიღება.
რეიტინგში მეორე ადგილი ამერიკული ინტერ მაიამის და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დაიკავა $135 (60+75) მილიონის შემოსავლით. მესამეა საუდის არაბეთის ალ-ჰილალისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი, რომლის შემოსავალიც ჟურნალმა $110 (80+30) მილიონად შეაფასა.
Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს ათმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა 2024/25 წლების სეზონში ჯამში $983 მილიონი გამოიმუშავა. თუმცა ამ თანხის უმეტესი ნაწილი საუდის არაბეთის კლუბების ფეხბურთელებზე მოდის.
კრიშტიანუ რონალდუ Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგს ზედიზედ მეორედ და 10 წლის განმავლობაში მეექვსედ ლიდერობს. 2022 წელს პირველი ადგილი საფრანგეთის ნაკრებისა და იმდროინდელი ფრანგული კლუბის პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ დაიკავა. 2018-2020 წლებში სიის ლიდერი მესი იყო.