კვირა ნავთობის ფასის ვარდნით დაიწყო.
ამჯერად, „შავი ოქროს” გაიაფებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
პირველ რიგში, ის დაკავშირებულია შეშფოთებასთან, რასაც საპროცენტო განაკვეთების ზრდა და გლობალური ეკონომიკის არასტაბილურობა იწვევს.
ამასთანავე, არსებობს საწვავზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინიც. ამგვარი მოლოდინი შეერთებულ შტატებში ბენზინზე მოთხოვნის შემცირებამაც გააძლიერა.
გასულ კვირას, Brent და West Texas Intermediate 5%-ზე მეტით დაეცა. კვირის განმავლობაში ამ მასშტაბის ვარდნა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა.
Brent-ის ფასი 75 ცენტით, ანუ 0,92%-ით დაეცა და $80,91 დოლარამდე შეადგინა. ხოლო ბარელი WTI-ი $77,13-მდე ჩამოვიდა, ანუ 0,95%-ით დაიკლო.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ცენტრალური ბანკები მაისის პირველ კვირას აპირებენ, გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები, რათა გაუმკლავდნენ მზარდ ინფლაციას.
ჩინეთს ჯერ კიდევ Covid-19-ის შემდგომი პერიოდის სირთულეები აქვს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პერსპექტივას.
თუმცა, ჩინეთის საბაჟო მონაცემებმა აჩვენა, რომ ნედლი ნავთობის იმპორტმა მარტში რეკორდულ მოცულობას მიაღწია. რუსეთიდან და საუდის არაბეთიდან ჩინეთში იმპორტმა დღიურად 2 მილიონ ბარელს გადააჭარბა.
ნავთობის ბაზარზე ვითარება შეიძლება, გაართულოს მიწოდების კიდევ უფრო შემცირებამ, რასაც მაისიდან გეგმავენ OPEC+ და მისი მოკავშირეები, მათ შორის რუსეთი.
ამავდროულად, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები და მიწოდების შეზღუდვები ფასების ზრდის რისკს ქმნის.
ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ერთი ბარელი Brent-ის ფასმა შესაძლოა, $92-ს მიაღწიოს.