ბიზნესსექტორი მისთვის ყველაზე მწვავე პრობლემად კვალიფიციური კადრების სიმცირეს ასახელებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსის კვლევის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ. კერძოდ, გამოკითხული ბიზნესის 59% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.
მიმდინარე კვარტალში, ასევე გაუარესდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის მაჩვენებელი, რომელიც წინა კვარტალში, ჩამოთვლილ ფაქტორთა შორის, მეოთხე ადგილზე იყო.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მომსახურების სექტორში დგას, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, იგივე პრობლემა 56%-ით შემსუბუქდა მრეწველობის სექტორში.
ლარის არასტაბილურობა, როგორც ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი, ოთხივე სექტორისთვის გამწვავდა, თუმცა, განსაკუთრებით შეეხო მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებს, სადაც, შესაბამისად, 39%-ით და 35%-ით გაიზარდა აღნიშნული პრობლემის სიმძაფრე.
აღსანიშნავია, რომ იმ კომპანიების 88%, რომელიც ხელის შემშლელ ფაქტორად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს, მიიჩნევს, რომ მთავარ გამოწვევას მარეგულირებელი გარემო წარმოადგენს, ამასთან, ეს მაჩვენებელი 2022 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა.
საინტერესო ფაქტია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, ვაჭრობის სექტორში შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა აღარ ფიქსირდება, თუმცა, მიმდინარე კვარტალში, სექტორში ყველაზე გამოკვეთილი ხელის შემშლელი ფაქტორი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებია.
საგულისხმო ფაქტია, რომ შემცირდა იმ ბიზნესსუბიექტების რაოდენობა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე საუბრობენ. 2023 წლის მეორე კვარტალში პრობლემებზე გამოკითხული ბიზნესის 54% საუბრობს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია აქამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით.