კახოვკის წყალსაცავში, 8 ივნისის საღამოს მდგომარეობით, წყლის დონე „მკვდარი“ – 12,7 მ წერტილის ქვემოთ ჩავიდა, რის შემდეგაც წყლის მიღება შეუძლებელი ხდება. ამის შესახებ უკრჰიდროენერგოს ხელმძღვანელმა იგორ სიროტამ განაცხადა.
„წყლის დონე წყალსაცავში უკვე 12,5 მ-ია. ეს არის ეგრეთ წოდებული მკვდარი წერტილის, 12,7 მ-ის, ქვემოთ, როდესაც ჩვენ აღარ შეგვიძლია წყლის მიწოდება დასახლებებისა და ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურისთვის, მათ აუზებში გადატუმბვა“, – განაცხადა უკრჰიდროენერგოს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სადგურის ნახევარი წყალქვეშაა, 70% – წყალშია.
უკრჰიდროენერგოს ხელმძღვანელის თქმით, დეოკუპაციის შემდეგ წყალსაცავის გადასაკეტი ხიდის მშენებლობას ორი თვე დასჭირდება. საჭირო იქნება წყლის ამოტუმბვა, რათა ყველა დაზიანება გამოჩნდეს და მოხდეს სადგურის დემონტაჟი და მის ადგილას ახლის აშენება.
კახოვკის ჰესის ლიკვიდაციის შტაბმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს შეუძლია წყალსაცავიდან წყლის ამოტუმბვა მაშინაც კი, როცა მისი დონე 12,7 მ-ზე დაბლა დაეცემა. ტუმბოებს შეუძლიათ იმუშაონ 11 მ ან უფრო დაბალ დონეზე. ეს მათ დამატებით დროს მისცემთ ალტერნატიულ წყალმომარაგებაზე გადასვლისთვის.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 ივნისს საღამოს დატბორილი ტერიტორიებიდან 2339 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 32 დასახლება და 3625 სახლი დაიტბორა.