მსოფლიო ბანკს სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი ჰყავს. როლანდე პრაისი საქმიანობას ოფიციალურად 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება. პრაისი სებასტიან მოლინეუსს შეცვლის, რომელიც ამ პოზიციაზე თავის ოთხწლიან საქმიანობას ივნისის ბოლოს დაასრულებს.
დღეს მსოფლიო ბანკის მოქმედი და მომავალი ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ღარიბაშვილმა როლანდ პრაისს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. სებასტიან მოლინეუსს კი, საქართველოს მთავრობასთან ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. აღინიშნა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ზრდასა და მოდერნიზაციაში.
მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი 15 აქტიური ინვესტიციისგან შედგება და საერთო ჯამში $1.5 მილიარდს შეადგენს.