იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში, მილანის სან რაფაელის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბერლუსკონი საავადმყოფოში პარასკევს მოათავსეს. ექიმები აცხადებდნენ, რომ მდგომარეობა კრიტიკული არ იყო.
მათი ინფორმაციით, ბერლუსკონი ჩვეულებრივ პალატაში იმყოფებოდა. ის თავად მივიდა საავადმყოფოში.
მანამდე ბერლუსკონი 5 აპრილს სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და რეანიმაციაში 10 დღეზე მეტ ხანს გააჩერეს. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ ბერლუსკონის ლეიკემია, სისხლის კიბო ჰქონდა.
სილვიო ბერლუსკონი იტალიის მთავრობას 1994 წლიდან 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა. პოლიტიკოსი ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობით და უკრაინის საწინააღმდეგო განცხადებებით.
ბერლუსკონი ამბობდა, რომ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმა რუსმა ხალხმა, პარტიამ, მისმა მინისტრებმა აიძულეს და შეჭრის მიზანი, სავარაუდოდ, კიევში „ღირსეული ხალხის“ მთავრობის შექმნა იყო.
მოგვიანებით, იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა ბერლუსკონის თანაპარტიელებთან შეხვედრის აუდიოჩანაწერი, სადაც ის უკრაინას და მის პრეზიდენტს ომის გამოწვევაში ადანაშაულებდა.