საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება.
რეჯეფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ ხალხს გამძლეობა, დაშავებულებს კი, მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.