“ბოლო წლებში ქვეყანაში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 საწარმო გადაიარაღდა ან გაფართოვდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისთვის ბიუჯეტში1,5 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც მხოლოდ ამ ინიციატივების ფარგლებში, 70 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
„ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს. ამოქმედდება სპეციალური საგადასახადო შეღავათები ამ სფეროში. ყოველწლიურად 160 ახალი სტარტაპის მომზადება და დაფინანსება არის გათვალისწინებული, ასევე 12 ათასი მსმენელის გადამზადება, ხელოვნური ინტელექტი, ფაგები, აგროტექნოლოგიები. ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის პრეზენტაცია, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი ქვეყნისა და ქალაქ ქუთაისისთვის. ამ პროექტის განხორციელებაც უზრუნველყოფს არაერთი მიმართულებით პროგრესს, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას, ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ამ პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა”,– თქვა ირაკლი კობახიძემ.