იმერეთში დააკავეს პირი, რომელიც Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ აწარმოებდა სპორტულ ფეხსაცმელს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული იმერეთის რეგიონში მოწყობილ საამქროში, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით ამზადებდა და რეალიზაციას უწევდა ფეხსაცმელს, Adidas-ის სასაქონლო ნიშნით.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ამოღებულ იქნა „Adidas”-ის დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური ბრენდირებული შტამპი”, –ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საამქროს ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის (სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება) პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს 2-წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.