კრივში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალჟირელმა იმან ხალიფმა სოციალურ ქსელ X-ის წინააღმდეგ პარიზის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ამის შესახებ Variety წერს.
სპორტსმენი მის წინააღმდეგ “საშინელი კიბერდევნის აქტების” შესახებ მიუთითებს. სარჩელი სოციალური ქსელის წინააღმდეგ არის შეტანილი და კონკრეტული მოპასუხეები არ არიან დასახელებულნი. თუმცა, საჩივარის ტექსტში მოხსენიებული არიან „ჰარი პოტერის” ავტორი მწერალი ჯ.კ. როულინგი და ილონ მასკი.
სპორტსმენის ადვოკატმა ხელიფ ნაბილ ბუდიმ განმარტა, რომ საფრანგეთის კანონმდებლობა გამოძიების დაწყების საშუალებას იძლევა ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდა სპორტსმენის დევნაში. ადვოკატის თქმით, გამოძიება შესაძლოა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც წარიმართოს, ვინაიდან მან ასევე გამოაქვეყნა ტვიტი ხალიფის შესახებ.
„თუ საქმე სასამართლომდე მივა, მათ სასამართლოში მისვლა მოუწევთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ცნობილია, პარიზის ოლიმპიადის დროს იტალიელმა მოკრივე ანჯელა კარინიმ იმან ხალიფთან ბრძოლის დაწყებიდან მალევე დატოვა შეჯიბრება და განაცხადა, რომ მისთვის ასე ძლიერად არასდროს დაურტყამთ. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ალჟირელი სპორტსმენის ბულინგი დაიწყო. ზოგიერთი მომხმარებელი წერდა, რომ ხალიფს მამაკაცის ქრომოსომა ჰქონდა და თავს ქალად ასაღებდა.
როულინგი და მასკი ასევე ჩაერთნენ სკანდალში. მწერალმა გამოაქვეყნა ტვიტი, სადაც ატირებული კარინის და მის გვერდით მდგომი ხალიფის ფოტო იყო შემდეგი ტექსტით: „შეიძლება რომელიმე ფოტო უკეთ ასახავდეს მამაკაცთა უფლებების დაცვის ახალ მოძრაობას? მამაკაცის ღიმილი, რომელიც ტკბება იმ ქალის ტანჯვით, რომელსაც ახლახან დაარტყა თავში და რომლის ოცნებები მან უბრალოდ გაანადგურა“.
მასკმა გამოაქვეყნა მოცურავე რაილი გეინსის ტვიტი, რომელშიც ნათქვამია, რომ „კაცების ადგილი არ არის ქალთა სპორტში“. ამ ტექსტს ახლდა X-ის მფლობელის კომენტარი: „აბსოლუტურად“.
დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ხალიფ–კარინის ბრძოლის ფოტო და დაწერა: “მე არ დავუშვებ კაცებს ქალთა სპორტში!”.
ხალიფი 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფინალში მან ჩინელი ლიუ იანგი 5:0 დაამარცხა.