ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ChatGPT-ის კონკურენტს ქმნის. ამბობს, რომ სურს, დაუპირისპირდეს Microsoft-სა და Google-ს.
ამჟამად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სფეროს ორი ლიდერი კომპანია ჰყავს: პირველი – OpenAI, რომელმაც შექმნა ChatGPT და მხარს უჭერს Microsoft და მეორე – Google-ის DeepMind.
როგორც ილონ მასკმა განაცხადა, მას „მესამე ვარიანტის“ შექმნა სურს, რომლის სახელი TruthGPT იქნება.
მასკის თქმით, ის შეშფოთებულია მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის მზარდი გავლენით და საფრთხეებით. ამიტომ, ის ჩქარობს, შექმნას ხელოვნური ინტელექტი, რომელიც „მოიტანს მეტ სიკეთეს, ვიდრე ზიანს“.
მასკმა Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი დაადანაშაულა, რომ ის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების საკითხს სერიოზულად არ აღიქვამს.
ილონ მასკმა თავისი გეგმების შესახებ Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა. ის ხელოვნური ინტელექტის საკუთარი მოდელის ამოქმედებას მომავალ თვეში გეგმავს.
მილიარდერი აღიარებს, რომ ცოტა დააგვიანა, მაგრამ იმედი აქვს, რომ მისი იდეა წარმატებული იქნება.